სახელმწიფო მრჩეველმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ მისივე თხოვნით სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჩინელ კოლეგასთან საუბრისას, ენტონი ბლინკენმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხი განიხილა და ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების აუცილებლობას.
თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა უკრაინის საკითხზე მოსაზრებები გაცვალეს. ვან იმ აღნიშნა, რომ ჩინეთი უკრაინაში შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და ამასთან დაკავშირებით, ჩინეთის თანმიმდევრულ პოზიციას ხაზი გაუსვა.
მანვე აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებებს პატივი უნდა სცენ, გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები კი, დაცული უნდა იყოს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პეკინი შეშფოთებულია უკრაინაში სიტუაციის „გაუარესებით“ და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და უთანხმოება დიალოგის, მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტონ.
ამასთან, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე დააფიქსირა.
- ჩვენი პოზიციაა, რომ სანქციები არასოდეს არის ფუნდამენტურად ეფექტიანი საშუალება პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენ მუდმივად ვეწინააღმდეგებით ყველა უკანონო ცალმხრივ სანქციებს. 2011 წლიდან შეერთებულმა შტატებმა რუსეთს 100-ზე მეტი სანქცია დაუწესა. თუმცა ამერიკის სანქციებმა გადაჭრა რაიმე პრობლემა? არის თუ არა მსოფლიო უკეთესი ამ სანქციების გამო?
- გადაიჭრება თუ არა უკრაინის საკითხი რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დაწესებით? იქნება თუ არა ევროპის უსაფრთხოება უფრო დაცული რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შედეგად? ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი მხარეები სერიოზულად დაფიქრდებიან და შეეცდებიან პრობლემების მოგვარებას დიალოგისა და კონსულტაციების გზით.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.
21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.
ასევე წაიკითხეთ